logo
ENG



"თქვენი ნაკურთხი რაკეტა საკურთხეველს მოხვდა" - ოდესის მთავარეპისკოპოსი რუსეთის პატრიარქს

24 ივლ 202310:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/jr04l78wl0g8iv9.jpg

"თქვენი ნაკურთხი რაკეტა პირდაპირ ტაძრის საკურთხეველს მოხვდა" - ამ სიტყვებით მიმართავს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსი ვიქტორი რუსეთის პატრიარქ კირილს.

წერილში, რომელიც ოდესის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ფერიცვალების ეკლესიაში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით დაწერა, მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ომის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

მთავარეპისკოპოსი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს მოუწოდებს, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩამოშორდეს.

"გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ თქვენი პირადი კურთხევით, რუსეთის ფედერაციის არმია დღეს სჩადის უღირსს საქციელს და ახორციელებს პირდაპირ ომს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, თქვენ დაგავიწყდათ, რომ როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში არიან თქვენი შვილები, რომლებსაც თქვენ ასეთებად თვლით და თქვენ დალოცეთ ისინი, ვინც დღეს მათ კლავს.

ეპისკოპოსთა ბოლო კონფერენციაზე მოსკოვში თქვენ არცერთი სიტყვა არ გითქვამთ ამ კაენის ომის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. შეაჩერეთ ეს მკვლელობები და მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ნგრევა, შეაჩერეთ სისხლისღვრა. თქვენი ეპისკოპოსები და მღვდლები აკურთხებენ ტანკებსა და რაკეტებს, რომლებიც ბომბავს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც მთავარეპისკოპოსი ვიქტორი რუსეთის პატრიარქს უგზავნის.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

უკრაინის ცნობით, ოდესაში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.


close დახურვა